25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

დღეს 98 წელი შესრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან…

ამ ავადსახსენებელი დღის დამადასტურებელი დოკუმენტი კი დეპეშაა, სერგო ორჯონიკიძის დეპეშა…

1921 წლის 25 თებერვლის დეპეშა ვლადიმერ ლენინსა და იოსებ სტალინს!
ეროვნულ არქივში ამ დეპეშის ფოტორეპროდუქცია ინახება.
დოკუმენტის შინაარსი ასეთია:
„Ленину, Сталину,
Баку. 25.II. 21 г. Над Тифлисом реет Красное Знамя Советской Власти.
Да Здравствуйет Советская Грузия.
Орджоникидзе“
თარგმანი: „ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე“

ისტორიიდან ცნობილია, რომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს აზერბაიჯანის მხრიდან შეიჭრა. ძირითადი ბრძოლები თბილისის მისადგომებთან, კერძოდ, ტაბახმელა-კოჯრის მდელოებზე გაიმართა. სადაც საბრძოლო გამოცდილების არმქონე სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისტორიას იუნკრების გმირობის მდიდარი დოკუმენტური მასალა შემორჩა.

იუნკრების ბრძოლასა და თავდადებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. 1921 წლის 25 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა კოჯრის მახლობლად. გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს…

საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ზუსტი მონაცემები და რაოდენობა უცნობია. ამის მიუხედავად, როგორც შსს საარქივო მასალებზე დაყრდნობით ირკვევა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს.

1921-1990 წლებში რეჟიმის მიერ სხვადასხვა „დანაშაულის“ გამო დახვრეტილია 17 500 ადამიანი. მონაცემები არ არის სრულყოფილი, რადგან საქმეთა დიდი ნაწილი დამწვარია.
ასევე, არასრულყოფილია მონაცემები 1937-1938 წლებში გადასახლებულთა შესახებ. ამჟამად არქივში არსებული მონაცემებით, ორ წელიწადში გადასახლებულთა რაოდენობა 13 ათას შეადგენს.

საკმაოდ ყურადსაღებია 1941-1951 წლებში საეშელონო გადასახლებულთა რაოდენობა. საეშელენო სიის მიხედვით, 113 800 ადამიანი. ეს მაჩვენებელიც არასრულყოფილია, რადგან ირკვევა, რომ ამ პერიოდის 40 ათასამდე საქმე დამწვარია.

საეშელონო სიის საშუალო მონაცემი 300 ათას ადამიანს აღემატება.

აღნიშნული რაოდენობა დგინდება შემდეგი სახით. თუ ბოლშევიკური ხელისუფლება არასანდოობის ან სხვა ბრალდების გამო აპატიმრებდა 1 ადამიანს, გადასახლებაში – საეშელონო სიაში, ხვდებოდ მისი ოჯახის ყველა წევრი. მაგალითად, არქივში არსებობს დოკუმენტები, რომ კონკრეტული პირის არასანდოობის გამო გადასახლებულია მისი შვიდსულიანი ოჯახი, თუმცა აღრიცხულია როგორც ერთი.
უნდა აღინიშნოს, რომ საეშელონო სიით გადასახლებულები, რომლებიც გადარჩნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდებოდნენ სამშობლოში. მაგრამ საარქივო მასალებით საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც ისინი ხელმეორედ ხვდებოდნენ გადასახლებაში.
ინფორმაცია მომზადდა შსს არქივს მასალებზე დაყრდნობით.

  • ქართული პოეტებიდან ყველაზე ნათლად და მკაფიოდ
    პირსისხლიანი 25 თებერვალი კოლაუ ნადირაძემ აღწერა და გადმოსცა…

25 თებერვალი, 1921წ.

თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

 

ნინო ვაშალომიძე

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *